ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე ეხმაურება მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმებს და წერს, რომ შემაშფოთებელია ცნობები მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებზე, „ხალხის მტრების” სიების შექმნასა და ფიზიკურ თავდასხმებზე.
„ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შესახებ, „ხალხის მტრების” სიების შედგენის წინადადება, სერიოზული ფიზიკური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია.
გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული, პატივი უნდა სცენ”, – წერს მარგუს ცაჰკნა.
გუშინ, თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს.
ღვინიანიძის თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა.
ჩიქოვანის განცხადებით კი, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.
მოგვიანებით კი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ მის ძმასაც, გია ჯაფარიძეს, რომელსაც სადარბაზოსთან დახვდნენ.
ასევე, 7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა ამის შემდეგ მოქალაქეებს ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ.
როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.