პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის შემცველი ზარების კანონიერებას შეისწავლის

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. გუშინ ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს რამდენიმე მოქალაქეს ქართული ნომრებიდან დაურეკეს. როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.