ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები არ არის ტრაგედია - მაჭარაშვილი ოლსონზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის კომენტარს ეხმაურება.

ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა გარკვეულ დემოკრატიულ პროცესებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით.

ხოლო გურამ მაჭარაშვილის თქმით, დასავლეთში მაღალი თანამდებობის პირების დონეზე არაერთხელ დადასტურებულა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ეს ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებია ცალკეულ საკითხებზე.

„რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების თუ თანამდებობის პირების განცხადებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ტრაგედია.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის პრობლემები და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ამერიკელი მაღალჩინოსნის საპასუხოდ.


საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალ Foreign Policy-სა და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ოლსონმა.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე გზავნილებიც ექნება.