„ცალსახად არასწორია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“ - NGO-ები კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზციების შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პრაიდის გამართვასთან დაკავშირებით, „ერთმნიშვნელოვნად არასწორია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ უნდა უთხრას უარი ხელისუფლებამ მოქალაქეებს პრაიდის ჩატარებაზე.

„განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრაიდის წევრებს უარი უნდა ეთქვათ პრაიდის ჩატარებაზე არის ბუნდოვანი, ორაზროვანი, თუმცა ორივე განმარტება და გაგება ამ განცხადების არის პრობლემური, თუკი მივიჩნევთ იმას, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ნება არის, რომ თვითონ უთხრას უარი პრაიდის წევრებს, ცალსახად არასწორია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმსთვის, თუ რატომ უნდა უთხრას უარი და როგორ უნდა უთხრას უარი ხელისუფლებამ ადამიანებს პრაიდის ჩატარებაზე. ასეთი მიდგომა არის ერთგვარი ფლირტი საპატრიარქოსთან, კაპიტალიზაცია, იმ თემებით რასაც წლებია აკეთებს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომ საარჩევნო ხმებთან მიმართებით ჰონდეს წვდომა და არ ჰქონდეს პრობლემები არჩევნებზე“,- განაცხადა „მთავარის არხის“ ეთერში მარიკაშვილმა.

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ კობახიძის განცხადება, პრაქტიკულად, არის „ძალადობრივი ჯგიფების მახრდაჭერა“.

„კობახიძე თუ თვლის, რომ თვითონ პრაიდის ორგანიზატორებმა უნდა თქვან უარი, ეს უკვე არის პოლიტიკური განცხადება, მაღალი თანამდებობის პირისა, რომელიც მიიჩნევს, რომ ვასაძეს და პრაიდის მოწინააღმდეგე ადამიანებს ზოგადად, ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს და ცდილობენ, რომ ჩაშალონ სხვა ადამიანების აქციები, პრაქტიკულად, არის მათი მხარდაჭერა, ძალადობრივი ჯგუფების მახარდამჭერი არის ეს განცხადება, არ მიკვირს იმ მხრივ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გააძლიერა ძალადობრივი ჯგუფები საქართველოში, რომლებიც თვიან რომ მათი მოსაზრებების მიხედვით უნდა იმართებოდეს ქვეყანა“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში პატარაიამ.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება მა საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვაზე პასუხად თუ რა პოზიცია აქვს მას პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, კობახიძე განმარტავს, რომ,- „მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება, მთელი კონტექსტი ხომ იცით, ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს წესიტ ეს არ უნდა დაეგეგმათ“.