„ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას“ - თაბაგარი კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი „სამარცხვინოსა“ და „კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას“ უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ „სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ პრაიდის ჩატარებაზე.“

„ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ყოვლად სამარცხვინო. ის ცხადია, კოჭს უგორებს საპატრიარქოს, კოჭს უგორებს კრემლის მასხარა ლევან ვასაძეს. ძალიან სამწუხაროა, რომ კონსტიტუციონალისტი და ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის ავტორი მსგავს განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ ფეხქვეშ თელავს ქვეყნის მთავარ კანონს და ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ უნიათობის, რომელსაც „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას არ სჭირდება ნებართვა. ჩვენ არ ვცხოვრობთ რუსეთში. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე ვერ გააუქმებს ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში  გიორგი თაბაგარმა.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და  მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში შეკითხვის პასუხად, თუ რა პოზიცია აქვს მას პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, კობახიძე განმარტავს, რომ – „მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება, მთელი კონტექსტი ხომ იცით, ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“.