ცემა, გაუპატიურება, იძულებითი აბორტი - საიას ანგარიში სამართალდამცველთა ძალადობაზე

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიშის – „წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმები და პრევენცია“ – ონლაინპრეზენტაცია გამართა. ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წელს საიას მიერ წარმოებაში აღებული სისხლის სამართლის 10 საქმე, რომლებიც სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

 „2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების/არასათანადო მოპყრობის ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, თუმცა, ფიქსირდება ფსიქოლოგიური ძალადობის, ერთ შემთხვევაში – იძულებითი აბორტის და ერთ შემთხვევაში –  გაუპატიურების ფაქტებიც“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საიას განცხადებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლის შემდგომ სუიციდის მცდელობა ჰქონდათ, რაც წამების/არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიური შედეგების სიმძიმეზე მიუთითებს.

ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებშ 10 საქმიდან მხოლოდ 2 პირია ცნობილი დაზარალებულად. ასევე, საიას წარმოებაში არსებული საქმეებიდან, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სსკის 333- მუხლით, არცერთში არ არის ბრალი წარდგენილი

„7 საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა.

გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით რელევანტური სახელმწიფო უწყებებისათვის მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მოხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა, სამართალდამცველთა მხრიდან მსგავსი დანაშაულების ჩადენა კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

„წინა წლების მსგავსად გამოწვევად რჩება სამართალდამცველი უწყებების მხრიდან მსგავსი ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების გონივრულ ვადებში წარმართვა, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაზარალებულად ცნობა. პოზიტიური ნაბიჯი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი ამოქმედება. თუმცა, დადებითად ვერ შეფასდება სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის იმ რედაქციით მიღება, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს შეზღუდული მანდატი აქვს“, – საია.