CEPS-ის კრიტიკის საპასუხოდ „ოცნების“ დეპუტატებმა EURACTIV-ზე სტატია გამოაქვეყნეს

პუბლიკა

„საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“ – ასეთი სტატიით ეხმაურებიან EURACTIV-ზე ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას საქართველოს შესახებ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გიორგი ხელაშვილი წერენ, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოდან დაწინაურებული ქვეყანაა რეფორმების კუთხით და მოელოდნენ, რომ CEPS მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, საქართველოზეც გამოაქვყენებდა კვლევას.

თუმცა, მოულოდნელად, მათ მხოლოდ მცირე, „უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით გაჟღენთილი იმედგამაცრუებელი თვალსაზრისი“ გამოაქვეყნეს, რომელშიც ორი პატივსაცემი ავტორი წერდა, რომ საქართველოს განაცხადის შანსი ევროკავშირის წევრობაზე „საეჭვოა“.

„ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველოსთვის „პარადოქსის“ წოდებით ავტორებმა უარყვეს მტკიცებულებები და ეყრდნობიან მხოლოდ გაგონილ ხმებსა და ცალმხრივ პოლიტიკურ მოსაზრებებს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური პროცესის დისკურსიდან.

ფაქტების უარყოფით, ავტორები ამჯობინებენ თავიანთივე მოფიქრებული ტერმინი „პარადოქსი“ განიხილონ, ვიდრე სცადონ, საქართველოს განაცხადის უკან მდგომი ძლიერი და თანმიმდევრული ლოგიკის გააზრება“, – წერენ ნიკა სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი.

ისინი მიიჩნევენ, რომ CEPS-ის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კარგ კვლევას.

თუმცა, მათი მოსაზრებით, ტექსტის დანარჩენი ნაწილი, რომელშიც კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესები, გაჟღენთილია არაზუსტი, ანეკდოტური მითითებებით ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებზე. სწორედ ეს მოვლენებია მოყვანილი „არგუმენტებად“, რომ გააბათილონ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

სამხარაძე და ხელაშვილი ასევე წერენ, რომ CEPS-ის სტატიაში შებრუნებულია ფაქტები და არგუმენტები. რადგან პოლიტიკური კრიზისი არა მთავრობის მოქმედებებზე ოპოზიციის პასუხს მოჰყვა, არამედ საქართველოს პარლამენტის საბოტაჟს პოზიციის მხრიდან. ასევე სწორედ ოპოზიცია იყო ის, ვინც ძირი გამოუთხარა შარლ მიშელის მცდელობებს მიეღწია პარტიებს შორის შეთანხმებისთვის.

„როცა მეთოდი არასწორია, როცა თარიღები, მოქმედი პირები, ფაქტები და მათი შედეგები აღრეულია, გასაკვირი არაა, რომ ამ თვალსაზრისის მიგნებები დრამატულად განსხვავდება იმ საფუძვლიანი კვლევისგან, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ თავად CEPS-მა გამოაქვეყნა.

სტატიის მიკერძოებული ანალიზიდან უხეშადაა გამოტოვებული საქართველოს მთავრობის მიღწევები, მათ შორის, ხელახლა დაბალანსებული კონსტიტუციური სისტემა უკეთესი ბალანსისა და კონტროლისკენ სწრაფვით; მკვეთრად გაუმჯობესებული მედიისა და გამოხატვის თავისუფლება; ზრდადი პლურალისტური პოლიტიკური გარემო და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნდობის მაჩვენებელი სასამართლო სისტემის მიმართ“, – წერენ ნიკა სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი.

ასევე, ისინი წერენ, რომ CEPS-ის ავტორებმა არ ისაუბრეს საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერაზეც. რადგან სწორედ საქართველოში არსებულმა მყარმა დემოკრატიამ გახადა შესაძლებელი, რომ ქვეყანას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ტურბულენტური გარემოსთვის და უფრო მეტად რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაუარესებული ვითარებისთვის გაეძლო.

საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე ვერ დავარქმევთ არსაიდან აღმოცნებულს, ეს არც მთავრობის ახირებაა, არც უკრაინის მიმართ მზარდი ევროპული სიმპათიის ცინიკური ექსპლუატაციაა და რეგიონთან ასოცირების გამოყენება.

საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წამყვანი წინასაარჩევნო დაპირება 2020 წელს სწორედ „ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის შეტანა“ იყო. პარტიამ არჩევნები გარკვეულწილად სწორედ ამ დაპირებით მოიგო, რადგან მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას“, – ნათქვამია ნიკა სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის წერილში.

მათი თქმით, ქართველი ხალხი დარწმუნებულია მათი რეფორმების წარმატებასა და დემოკრატიისადმი ერთგულებასი. საქართველო იყო წამყვანი ასოცირებულ ქვეყნებს შორის, საქართველოს ისტორია და კულტურა კი ევროპულს შეესაბამება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს.