ვრცელი დოკუმენტი საქართველოზე CEPS-ში აზრთა სხვადასხვაობის გამო არ მომზადდა - ახვლედიანი

პუბლიკა

ბრიუსელში დაფუძნებული Think-tank ორგანიზაციის, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მკვლევარი თინათინ ახვლედიანი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მოსაზრების შესახებ საუბრობს. ახვლედიანმა „TV პირველის“ ეთერში განმარტა, როგორ დაიწერა კრიტიკული მოსაზრება და არის თუ არა ეს ორგანიზაციის პოზიცია.

მისი თქმით, ზოგადად, CEPS-ის დასკვნები გავლენას ახდენს ევროკავშირის სტრუქტურებში პოზიციის ჩამოყალიბებაზე, მათ მოსაზრებებს ეცნობიან ბრიუსელში და მხედველობაში იღებენ.

თუმცა, თუკი უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მათმა ორგანიზაციამ ვრცელი დოკუმენტები გამოაქვეყნა, CEPS-ის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის გამო საქართველოზე მხოლოდ მოკლე მოსაზრება დაიწერა, რომლის ავტორებიც CEPS-ის ასოცირებული მკვლევარი მაიკლ ემერსონი და ორგანიზაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი არიან.

„გუნდში ჩვენი, ყველას აზრი დაემთხვა მოლდოვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, აქ, ზოგადად, აზრები ძალიანაა გაყოფილი ბრიუსელში და არ არის გასაკვირი, რომ აზრები გაყოფილიყო ჩვენს გუნდშიც. შესაბამისად, ის ორი ადამიანია ამ მოკლე მონახაზის ავტორი, ვინც ემხრობა მოსაზრებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა გადაეცეს.

ასევე ყურადღებას გავამახვილებ, რომ ეს არის ერთგვერდიანი, გვერდნახევრიანი მოსაზრება, მოლდოვასა და უკრაინაზე ჩვენ გამოვაქვეყნეთ რეპორტები, ვრცელი დოკუმენტები. საქართველოში განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ჩვენმა გუნდმა, მაიკლმა და სტივენმა გადაწყვიტეს, რომ მსგავსი რეპორტი უბრალოდ არ მომზადებულიყო.

იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიკოსია დღეს ბრიუსელში, სკეპტიკური აზრი აქვთ მაიკლსა და სტივენსაც. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო მოვლენები, თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას საქმესთან დაკავშირებით იმას წარმოაჩენდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად არ ეკიდება კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, ცენტრმა ვრცელი რეპორტი აღარ მოამზადა“, – თქვა ახვლედიანმა.

CEPS-ის მკვლევრის თქმით, მათი ორგანიზაციის ვებსაიტზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია ისეთი მოსაზრებებიც, მათ შორის, მისი ავტორობით, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

თინათინ ახვლედიანის თქმით, ამ შემთხვევაში ის არ ეთანხმებოდა მოსაზრების ავტორთა მხოლოდ დასკვნას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჯერჯერობით არმინიჭების შესახებ. რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის სწორედ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა მნიშვნელოვანი.

თუმცა დასძენს, რომ ბრიუსელში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ქვეყნის პოზიციას, რადგან ბოლო წლებში საქართველოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით რეგრესი აქვს. გვარამიას საქმის გადაწყვეტილებას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მიღების თარიღისა და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით.

ამასთან, თინათინ ახვლედიანის თქმით, მისთვის მიუღებელია ზოგიერთი პირის შეფასება, რომ თითქოს მათი მოსაზრებები მიკერძოებულია და არ ატარებს დიდ მნიშვნელობას.

„შეურაცხმყოფელი კომენტარები, თითქოს ეს ნაჯღაბნია და ა.შ. არ უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, ვინც კვლევებს ატარებს. ყველას აქვს თავისი აზრი, რომელსაც მოჰყვება არგუმენტები და სწორედ იმას ნიშნავს დემოკრატია, რომ ამ აზრებს აქვთ არსებობის უფლება“, – თქვა თინათინ ახვლედიანმა „TV პირველის“ ეთერში.

LB loan image desktop LB loan image mobile