ცესკო გეგმავს, ხმის მიცემის აპარატზე ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილი დაფაროს

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებზე ბიულეტენის მოსათავსებელი ჭრილი დაფაროს.

ამის შესახებ ცესკომ 29 აპრილის სხდომაზე იმსჯელა, სადაც 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ინსტრუქციები დაამტკიცა.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა განაცხადა:

„ბიულეტენის ფორმა იქნება სამსვეტიანი. წარმოდგენილი იყო სპეციალური ჩარჩო-კონვერტის სამი სახის ფორმა: ერთი, რომელიც სრულად დაფარავს სამივე სვეტს. მეორე, რომელიც დაფარავს პროპორციულს და მერის სვეტს და მესამე — მხოლოდ პროპორციულ სვეტს. შესაბამისად, სპეციალურ სიაში შესულ ამომრჩევლებს განსხვავებული ჩარჩო-კონვერტის ფორმა გადაეცემა.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ წარმოდგენილია ძირითადი საარჩევნო ყუთის ფორმა და მასზე დამონტაჟებული ხმის მთვლელი აპარატის ფორმა, რომელზეც დამატებით დამაგრდება ჭრილის საფარი“.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, ჭრილის საფარის დამატება „უმძიმესი დანაშაულის – 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის აღიარებაა“.

„იმ ცვლილებებით, რომლებსაც ცესკო წარმოადგენს, დღეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური მთავარი უფლება, რაც გულისხმობს საკუთარ თავში საარჩევნო ხმის ფარულობას. ეს უფლება დარღვეული იყო. ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ უფლების დარღვევა გამოიყენა ზეწოლისთვის, გაყალბებისა და მანიპულაციისთვის. „ქართული ოცნება“ ამ აღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

კუპრაძის ამ განცხადებას, თავის მხრივ, უპასუხა ცესკომ და თქვა, რომ „ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას“ – ცესკოს მტკიცებით, მათ „ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატების გადაწყვეტილება „პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად“ მიიღეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

სარჩელებით მოთხოვნილი იყო 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილება, ვინაიდან, სარჩელებისვე თანახმად, ამ არჩევნებზე დაირღვა როგორც ხმის მიცემის ფარულობა, ისე – საყოველთაოობა.

საქართველოში მოქმედმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთხმად განაცხადეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, ვინაიდან მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა.

საიას შეფასებით, ხმის მიცემის კაბინებზე, მაგიდებსა და საარჩევნო ყუთებზე მიმართულმა ვიდეოკამერებმა დაბალი ხარისხის ბიულეტენებთან ერთად სერიოზულად დაარღვია კენჭისყრის ფარულობა და გაზარდა ამომრჩევლის დაშინების ალბათობა.

2025 წლის 20 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე საიას სარჩელი დაარეგისტრირა.