ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე მორიგ განცხადებას აკეთებს

პუბლიკა

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი გამოეხმაურა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ემიგრანტები 2024 წლის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას მოითხოვენ და რომ მათ აქვთ ეჭვი, თითქოს მმართველი პარტია ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვრცელდება არაერთი მცდარი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე და პასუხისმგებლობა სხვა უწყებაზე, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე, გადააქვს…

შევახსენებთ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

ამ საკითხზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიახლე, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ვადებს უხანგრძლივებს. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ასეთი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა ორი დღით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია კანონით დადგენილი პროცედურები, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის შეცდომაში შეიყვანოს უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები. ეს კი აზიანებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს სრულიად უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას, როგორც საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებთან, ისე ვადებთან დაკავშირებით.

მივმართავთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და ისარგებლონ გადამოწმებული წყაროებით.

ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების საქმეში“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.


საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების შექმნის და ხმის მიცემის გამარტივების შესახებ ბოლო პერიოდში რამდენიმე პარტია საუბობს, მათ შორის, „ლელო“, რომლის ლიდერიც საზღვარგარეთ ემიგრანტებს ხვდება, ასევე „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

20 დეკემბერს ცესკომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.