ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა

პუბლიკა

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცესკოს მოუწოდებდნენ, დროულად დაენიშნა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მისცემოდათ საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საკრებულოების უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებით კომისია კანონით დადგენილი წესებით მოქმედებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. ცესკომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა.

დღეს 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile