ცესკომ „რესპუბლიკელები“ არჩევნებში არ დაარეგისტრირა, პარტია გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 17 ივლისის განკარგულებით, „რესპუბლიკელებს“ უარი ეთქვათ 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, უარის მიზეზი სარეგისტრაციო ვადის გადაცილებაა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტს განცხადება 15 ივლისამდე უნდა წარედგინა კომისიისთვის.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ პარტიამ განცხადება კანონით გათვალისწინებულ ვადაში, 14 ივლისს ჩააბარა ფოსტას ცესკოში გასაგზავნად. პარტია კომისიის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

„ჩვენ ჩავაბარეთ სარეგისტრაციო განცხადება და დოკუმენტები 14 ივლისს, მაგრამ რახან 14 ივლისს უშუალოდ ცესკოში არ შევიტანეთ ეს და არ დარეგისტრირდა კანცელარიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ვადა იყო გადაცილებული. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონის არასწორი განმარტებაა ამ შემთხვევაში და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში“, – აცხადებს თამარ კორძაია.