ჭაღი, ბული, მაგიდა – რა ანტიკვარული ნივთები იყიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ

პუბლიკა

საქართველოს  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებებისა და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესასყიდად  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი; ინფორმაციას IDFI  ავრცელებს.

„სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას“,-წერია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით,  რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია  რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი.

ასევე, შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული – პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“  –საწყისი ღირებულებით, 18 100 აშშ დოლარი;

„შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის,  ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ  ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი,  3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი  3000 დან 8000 აშშ დოლარამდე,  3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი  ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა“, –წერია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არც ერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული,  3 ერთეული ირანული, ხოლო  2 ერთეული – შუააზიური;

ანტიკვარული ნივთები ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა და შეაფასა.

IDFI  წერს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციისათვის ანტიკვარული ნივთების შესყიდვის პროცესი (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის მიერ ვიზუალური დათვალიერებით 2 დღეში დასრულებული ანტიკვარული ნივთების  უდიდესი ნაწილის შესწავლის პროცესი) და ცალკეული ნივთების ფასი (მაგალითად, 59 000 აშშ დოლარად შესყიდული ჭაღი, 13 800 აშშ დოლარად შესყიდული სამეული მაგიდით და ა.შ. ) საეჭვოს ხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ანტიკვარული ნივთების  შესყიდვით გარკვეულ ეკონომიასთან დაკავშირებით.

და ასევე, IDFI მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს.

ვრცლად წაიკითხეთ აქ: