„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული კვირეული, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თავდაპირველად პროექტი ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო და საზეიმო დახურვაც 7 დეკემებრს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩაკვეტაძე ამბობს, პროექტში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო და ამიტომ 7 დეკემბერის ნაცვლად 14 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით დაიხურება.
შეკითხვებზე, სად გაიმართება საზეიმო დახურვის ღონისძიება და რა უჯდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდული კვირეული, გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გვიპასუხა. მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, სად გაიმართება დახურვის ღონისძიება, ბიუჯეტის შესახებ შეკითხვაზე კი გვითხრა: „აუდიტის სამსახურში პროექტის დასრულების შემდეგ ზუსტად აიტვირთება ანგარიშები. ჯერჯერობით, მიმდინარე პროექტია. პარტია ლოჯისტიკურ ხარჯებს უზრუნველყოფს უშუალოდ ძირითადი ღონისძიებების“.
გიორგი ჩაკვეტაძეს კვირეულის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების შესახებაც ვკითხეთ. მისი თქმით, ღონისძიებების სია დღიდან დღემდე ზუსტდება და მხოლოდ პროექტის ზოგადი მონახაზის შესახებ გაგვიზიარა ინფორმაცია.
„2 დეკემბერი; 20:00 საათი – კვირეულის გახსნის ღონისძიება (განახლებული ორბელიანის მოედანი) 7000 მონაწილე; – პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და სხვ. სპიკერების მისალმებები; გალა-კონცერტი)
3-13 დეკემბერი – საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?“; პერფორმანსები სტუდენტების მონაწილეობით; ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა – საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და უნივერსიტეტში 10 დღის განმავლობაში.
14 დეკემბერი 20:00 საათი – 10 000 ახალგაზრდა (მონაწილე) პროექტის საზეიმო დახურვაში მიიღებს მონაწილეობას“. – წერია გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.
ე.წ. ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება 2 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე გაიმართა, სადაც რეგიონებიდან სტუდენტები თვითმმართველობების ორგანიზებით ჩამოიყვანეს. მოგვიანებით კი ამ კონცერტზე ჩამოსული ადამიანების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებულ აქციაზე გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ ოფისთან ხელისუფლების მხარდამჭერები „სირცხვილიას“ აქტივისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციაზე მისულ ადამიანებს. პოლიციას აქციაზე არავინ დაუკავებია.