დაიგეგმა თუ არა სპონტანურად "ოცნების ახალგაზრდული კვირეული"

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანად არჩევის აღსანიშნავად ახალგაზრდული კვირეულის გამართვა გადაწყვიტა.

კვირეული გუშინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნა და, როგორც პარტიაში ამბობენ, ბევრ სხვა ღონისძიებასაც მოიცავს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი ისევ თბილისში, 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.

საქართველო რომ ნოემბერში ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდებოდა, მოულოდნელი არ ყოფილა.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, როდის დაგეგმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ ამ ფაქტის აღსანიშნავად კვირეულის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები.

ამ მიზნით მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებას.

გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მივწერეთ ტექსტური შეტყობინებაც. „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის მიღებას ვცდილობდით.

კერძოდ, გვაინტერესებდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კონკრეტული პროგრამა – სად რა გაიმართება და როდის? რა დაუჯდა პარტიას ღონისძიებების გამართვა და როდის დაიგეგმა კვირეული? ასევე, ვკითხეთ გუშინ თბილისში გამართულ კონცერტზე მონაწილე მომღერლების სია.  ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხი ვერ გაგვცა ვერც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა და გიორგი ჩაკვეტაძესთან გადაგვამისამართა.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კონცერტში მონაწილეობდა გელა გნოლიძე და ტვ „იმედის“ ღამის შოუს ბენდი. „პუბლიკა“ გელა გნოლიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, რათა გაეგო, როდის მიიღო შეთავაზება კონცერტში მონაწილეობაზე.

„პუბლიკა“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. შეკითხვაზე, როდის მიმართა პარტიამ კონცერტის გამართვის თაობაზე ნებართვისთვის მერიას, გვიპასუხეს, რომ პარტია კონცერტის გამართვაზე მერიას გუშინ დილით შეუთანხმდა.

„ვინაიდან მოედანს ეხებოდა და ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლიდა, არ ყოფილა საჭიროება, რომ 5 დღით ადრე ეცნობებინათ“,– გვიპასუხეს მერიაში.

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევასთან დაკავშირებული ფაქტის აღსანიშნავად ახალგაზრდული კვირეულის გამართვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გუშინ გახდა.

„ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი ამ ღონისძიების შესახებ გუშინ გამოქვეყნდა. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან თბილისში სტუდენტების ჩამოსაყვანად მობილიზაცია დაიწყეს.

შეტყობინებები მიიღეს  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თვითმმართველობებიდან, სადაც მათ თბილისში გასამართი კონცერტის შესახებ აცნობეს და ასევე განუმარტეს, რომ ხარჯს თვითმმართველობა დაფარავდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, დახურულ ჯგუფში ინფორმაცია თბილისში გასამართ კონცერტთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის 1 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

გუშინ თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები 2 დეკემბერს დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მომხდარ ფაქტს აპროტესტებდნენ. აქცია მოძრაობის წევრებმა 7 საათზე დაიწყეს.

აქციის დაწყებიდან მალევე „ქართული ოცნების“ ოფისთან გამოჩნდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ ადამიანებს.  „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თბილისში ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ კონცერტზე დასასწრებლად ჩამოვიდნენ. ასეთი ადამიანები „ქართული ოცნების“ ოფისთან ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში იდგნენ.