„ჩამოიწეროს საპენსიო სესხები“ – მოძრაობა „ხმის“ წევრები და აქტივისტები „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისიდან საპენსიო სესხების ჩამოწერას მოითხოვდნენ.
ისინი ბანკის ფოიეში ძირს დასხდნენ და განაცხადეს, რომ ტერიტორიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ მიიღებდნენ პირობას, რომ სესხები ჩამოიწერებოდა.
სამუშაო საათების გასვლის შემდეგ ბანკის დაცვამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა გარეთ.
ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ბანკის დაცვამ ძალა გამოიყენა ჟურნალისტების მიმართაც და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ პენსიონერებს ჩამოეწეროთ მძარცველური პროცენტით აღებული სესხები, რომელიც მათ ჯანდაცვისთვის, საკვებისთვის და გადაუდებელი საჭიროებისთვის აიღეს, ხოლო პენსიის დარიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.