ჩამოეწეროთ პენსიონერებს მძარცველური პროცენტით აღებული სესხები - მოძრაობა „ხმა”

პუბლიკა

მოძრაობა „ხმა” მოითხოვს, პენსიონერებს ჩამოეწეროთ სესხები, რომელიც მათ ჯანდაცვისთვის, საკვებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოიტანეს, ხოლო პენსიის დარიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს.

„400 000-ზე მეტ ქართველ პენსიონერს ლიბერთი ბანკის 420 მილიონი ლარი აქვს ვალი.

საპენსიო სესხები ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრებული ძარცვის და ანტისოციალური პოლიტიკის უტყუარი მაგალითია.

კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის მგზავრობის ბარათი, პენსიაც, რომელიც რეალურად სოციალური დახმარებაა, საბანკო პროდუქტებად აქციეს.

ოცნების” უსახო დეპუტატმა ზარქუამ, პენსიონრებუს მახეში გაბმის ახალი მეთოდი გვახარა – საპენსიო სესხის განაკვეთმა 1 იანვრიდან 26%-მდე ჩამოიწია, ამიტომ პენსიონერებს შეუძლიათ, ხელახლა, უფრო იაფად აიღონ სესხები და ძველი სესხები გადაფარონ.

ზარქუას პირით ლაპარაკობს ოცნების, ანუ ბანკირების ხელისუფლება, რომლის შემადგენლობაში იპოვით ყოფილ ბანკირებს, ბანკის მმართველებს, ბანკების იურისტებს და ბანკების დაცვის წევრებსაც კი.

პენსიონერებს ამიერიდან 4%-ით ნაკლებს წაართმევენ და მათი აზრით, ეს ჩვენი კოლოსალური ნაბიჯია!

შარშან, საპენსიო სესხის ვითომ შემცირებისთვის, მთავრობამ ბანკს 15 მილიონი ლარი გადაუხადა. რამდენს გადაუხდიან წელს?

ჩვენ ვითხოვთ, რომ პენსიონერებს ჩამოეწეროთ მძარცველური პროცენტით აღებული სესხები, რომელიც მათ ჯანდაცვისთვის, საკვებისთვის და გადაუდებელი საჭიროებისთვის აიღეს, ხოლო პენსიის დარიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს,”- ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.