„ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე" - ზარქუა მამულაშვილის მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოყვანაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპარლამენტო მაგიდაზე ასვლა მისთვის ეთიკურად მიუღებელია. მისივე თქმით, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, „თუმცა გააჩნია ფორმებს“.

18 ივლისს პროტესტის გამო პარლამენტში გომელაურის მოსმენა ჩაიშალა. პროტესტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ხელით ჩამოსვა.

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის.

ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეთიკის კოდექსი იმ ადამიანებმა დაარღვიეს, „რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, ტრიბუნაზე სალტოები ეკეთებინათ“.

„ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია.

თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის მათი ამომრჩევლის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე, ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა და შალვა პაპუაშვილმა ამის თავიდან არიდება სცადა.

„ამ ეპიზოდშიც ბატონ შალვას ჰქონდა მცდელობა, უბრალოდ აერიდებინა, რადგან ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა, რაღაც უკრაინული სცენარი გადმოეტანა საქართველოს პარლამენტში. არ გამოუვა ეს. ამის არც დრო და არც მოცემულობა არ არის. ვისურვებდი, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არ ის, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, პოლიტიკურად ისედაც დაძაბული გარემო გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.


18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები მიიტანეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშივლისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოდნენ, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.

19 ივლისს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ პარლამენტის ეთიკის კომისიას მოუწოდეს, რომ განიხილოს თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს.