„პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა“ - მაჭარაშვილის სექსისტური შეფასება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა პრაქტიკულად გადაარჩინა, რომ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა.

მაჭარაშვილი არასერიოზულს უწოდებს თინა ბოკუჩავას მხრიდან შალვა პაპუაშვილისთვის ეთიკის საბჭოში ჩივილს.

„საერთოდ აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები ძალადობაზე ლაპარაკობენ, ატარებენ რაღაც აქციებს – არა ძალადობას და ამ დროს ძალადობენ პოლიციელებზე, მოქალაქეებზე, ფსიქიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. მით უფრო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საზოგადოება აკვირდებოდა, მათი ეს ისტერიული ტონი, მათ შორის ქალბატონი ბოკუჩავასი, რომელიც აპირებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ასვლას ისტერიულად, ბუნებრივია, ვერ ჯდება ვერანაირ ეთიკის კოდექსში და ახლა ასეთი პიროვნება აპირებს, ეთიკის საბჭოში უჩივლოს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა თინა ბოკუჩავა იმას, რომ კიდევ გაეგრძელებინა არაეთიკური საქციელები. რა მოხდებოდა თავმჯდომარესთან, ეს კაცმა არ იცის. ამიტომ არ მგონია, თინა ბოკუჩავას მხრიდან სერიოზული იყოს, რომ პაპუაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, პაპუაშვილმა პრაქტიკულად ბოკუჩავას ისტერიულობის განეიტრალება მოახერხა.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ თინა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით მიდიოდა ისტერიულ ფონზე, ეს არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად, მ აქედან გამომდინარე, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იმისთვის უჩივლოს, რომ აღკვეთა იძულება, რადგან ის სპიკერთან იმიტომ მიდიოდა, რომ ძალადობრივი, დესტრუქციული ქმედებები განეხორციელებინა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


დღეს, 19 ივლისს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ პარლამენტის ეთიკის კომისიას მოუწოდეს, რომ განიხილოს თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს.

18 ივლისის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩაშლის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის ეთიკის საბჭოს, უფლებამოსილება შეუწყვიტონ უმრავლესობის დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.

გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.

LB loan image desktop LB loan image mobile