„აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას" — 4 ტელეჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა აუკრძალეს

პუბლიკა

კრიტიკული ტელევიზიის ოთხ ჟურნალისტს შეკითხვების დასმის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით, პარლამენტში მუშაობა აუკრძალეს.

კერძოდ:

ნინო წილოსანის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა 6 თვით აეკრძალა „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს, ხოლო 1 თვით – „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინო ბალანჩივაძეს.

„ქართული ოცნებიდან“ „მეტი სიმართლის თქმის“ საბაბით ფორმალურად გასული სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, პარლამენტში 1 თვე ვერ იმუშავებს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნატა ქაჯაია. 

ასევე, „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტმა აკრედიტაცია „ნოდარ მელაძის შაბათის” კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესაც შეუჩერა. ჩიხლაძეს პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.

პარლამენტმა სოფო გოზალიშვილისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ წერილში მიუთითა, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას”.

იმავე მიზეზით ვერ იმუშავებენ პარლამენტში ნინო ბალანჩივაძე და ნატა ქაჯაია.

„პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს, დეპუტატები იყენებენ ბოროტად, რამაც უკვე საშიში პრეცედენტები შექმნა”. – წერს „ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 6 თებერვალს დაამტკიცა „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი”, რომლის თანახმადაც, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.

კრიტიკული ტელემედიის ჟურნალისტებს სწორედ აკრედიტაციები შეუჩერეს.

მანამდე, 2 თვის განმავლობაში, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა აკრძალული ჰქონდათ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.