ჩეხეთის ელჩი რუსულ კანონზე: „უცხოური ძალა" ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად

პუბლიკა

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი „ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერმინი „უცხოური ძალა” მეგობრულად ნამდვილად არ ჟღერს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში სიტყვა „უცხოური ძალა” ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის”, – წერს ის.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.