ჩეხეთის ელჩის განცხადება რუსეთში ტვირთების გატანაზე არ შეესაბამება სიმართლეს - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

შემოსავლების სამსახური ჩეხეთის ელჩის პეტრ მაკისკას კომენტარს ეხმაურება, რომ საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ელჩის ეს კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება და მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთიდან იმპორტი მართლაც გაიზარდა, სანქცირებული ტვირთები საქართველოდან რუსეთში არ შედის. ჩეხეთიდან იმპორტის მატება კი საქართველოში გაზრდილ საჭიროებებს უკავშირდება.

„ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე.

ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყების განცხადებით, საქართველო სრულად ითვალისწინებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სხვადასხვა ტიპის საქონელზე დაწესებულ სანქციებს. ამიტომ ტვირთი განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს გადის. შესაბამისად, რუსეთიდან წამოსულ თუ რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთის გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევა გვაქვს.

„ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს.

საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში.

შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.


არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოს პოზიციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

„ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – თქვა ჩეხეთის ელჩმა და დასძინა:

„ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.

მაკისკამ ასევე დაამატა, რომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით არ გარკვეულა, „ეს პროდუქტები მართლა ჩრდილოეთით წავიდა თუ არა“.

ასევე, მაკისკას განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისია საქართველოს პოზიციას დააკვირდება და შესასრულებელ 12 პუნქტთან ერთად გაითვალისწინებს იმასაც, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს პოზიცია საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებს.