გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მისი კანდიდატურის გაწვევის მიზეზებზე „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ოცნებამ” მისი კანდიდატურა გაიწვია, არის ის, რომ პოლოლიკაშვილმა თავისი თანაშემწე არ დაითხოვა. კერძოდ, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ნაწყენი იყვნენ, რომ ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ხელშეკრულებით დაასაქმა და მოითხოვდნენ თანამდებობიდან მის მოხსნას, რის შემდეგაც მაისურაძემ თავად შეწყვიტა მუშაობა.
„მე ჩემს ვარაუდსა და ეჭვს პირდაპირ მოვყვები. 25 იანვრამდე ძალიან ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებდი და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს. არის ერთი ადამიანი თეა მაისურაძე, რომელიც იყო ჩეხეთში ელჩი. თვითონ გადავწყვიტე და ავიყვანე ხელშეკრულებით, რამდენიმე თვით, რათა დამხმარებოდა კამპანიის პროცესში.
მდინარაძემ რაც თქვა დღეს, სამი თუ ოთხი თხოვნაო, ეს თხოვნა არ იყო. ძალიან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან. მე მათ ავუხსენი, ისე, როგორც თქვენ გიხსნით, რომ ასე ერთ დღეში ვერ მოვხსნიდი ამ ადამიანს.
ვთხოვე, მოეცათ ჩემთვის საშუალება, მემუშავა ამ ადამიანთან, რომელიც 8 წელი, ჩემი არჩევნების დროს მეხმარებოდა. ამაზე დიდი ისტერიკა ატყდა. თეაც შეგნებული ადამიანია და რომ დაინახა, რომ ასეთი ისტერიკა იყო, თავად გადაწყვიტა აღარ ემუშავა ჩემთან. ისინი თეას ფაქტზე ნაწყენები იყვნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების მოგროვებაში საერთოდ არ მეხმარებოდნენ”, – თქვა პოლოლიკაშვილმა.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების” პრემიერისა და პარტიის სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
პოლოლიკაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ, თითქოს, „ოცნებამ მას ეს ნაბიჯი წინასწარ, „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” შეუთანხმა.
ასევე, როგორც ის ამბობს, ტყუილია ირაკლი კობახიძის განცხადება მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის არადემოკრატიულობის შესახებ.
„მოყვა მეორე ტყუილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე მესამე ვადით არჩევა არადემოკრატიული იყო. გენერალურმა ასამბლეამ, 80-მა ქვეყანამ 25-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არჩევა დემოკრატიული იყო.
25 თუ 24 იანვარს შევიტანე წერილი, ერთადერთი ეს წერილი მჭირდებოდა პრემიერ-მინისტრისგან იმ მომენტიდან, რომ ჩემი კანდიდატურა წარმომედგინა. თუ ეს არადემოკრატიული იყო, რატომ მომცა იანვარში პრემიერ-მინისტრმა წარდგენის წერილი? […]
ახლა გადავიდეთ ელჩებზე, თურმე, რომლებსაც იბარებდნენ დედაქალაქებში და ეჩხუბებოდნენ თუ დემარშებს უკეთებდნენ, რომ ესე იგი არ იყო ეს დემოკრატიული და არასწორი იყო, ხომ? კიდევ ვიმეორებ, 80-მა ქვეყანამ მომცა ხმა და ის 25, ძირითადი, იყვნენ ევროკავშირის წევრები. ახლა ვნახოთ, ევროკავშირის წევრებში სად გვყავს ელჩები საერთოდ. ჩვენ არ გვყავს ელჩები, დავიწყოთ: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ზეპირად ასე შეიძლება გამომრჩეს ვიღაცა, იტალია, ლიტვა, ჰოლანდია, ნუ ბალტიის ქვეყნებზე საერთოდ შეგვიძლია აღარც ვისაუბროთ იმიტომ, რომ არა მგონია იქ იბარებდნენ ელჩებს და იმის შემდეგ, რაც ხდება საერთოდ ჩვენს თავს, საერთოდ რაიმე ინსტრუქციებს აძლევდნენ. და ეს ელჩები, სადაც არ გვყავს ელჩები, თურმე დაუბარებიათ და ამის საფუძველზე, ეს უკვე მესამე ვერსიაა რატომ მოხდა ჩემი კანდიდატურის გამოტანა. [..]
ერთადერთი, რაც ამ ორ დღეში მოსმენილიდან შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ ვამბობდი, არ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, დააყენეთ სხვა კანდიდატურა, ვისაუბროთ და თუ რამე არასწორად გავაკეთე, ბოდიშსაც მოვიხდი-მეთქი. არ იღებდნენ ტელეფონს – ვინც ჩვენ თავში ჩაგვარტყამს, იმის ტელეფონს არ ავიღებთო”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, მისი გაწვევის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა ხომ არ მიიღო, პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს არ იცის, ივანიშვილს არ იცნობს და მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი.
„არ ვიცი, მე არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ერთხელ მყავს ნანახი 10-15 წლის წინ. არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ამ ქვეყნის პრემიერი კობახიძეა და ვურეკავდი მას, ვინც წარმადგინა თავის დროზე”, – თქვა მან.
პოლოლიკაშვილს ასევე ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა საფუძვლიანად მოსაზრება, რომ მისი გაწვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ემირატებიდან გიორგი ბაჩიაშვილის გადმოცემას.
როგორც მან აღნიშნა, არ სურს „ჭორაობა“, მაგრამ თუ მიზეზი ეს არის „უბედურებაში ვყოფილვართ“.
„მე არ ვიცი ვისში, რაში გამცვალეს და მაგას ვკითხულობ – რატომ გაცვალეს? ბაჩიაშვილის [ექსტრადიციაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, – თუ ეს ასე ხდება. თუ მართლა ეს არის მიზეზი და ვინმე ამას ადასტურებს, მაშინ საერთოდ უბედურებაში ვყოფილვართ“, – განაცხადა მან.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მოითხოვს, ახსნან, რა არის მის ქმედებაში ანტისახელმწიფოებრივი და რატომ მოხდა მისი კანდიდატურის გაწვევა. როგორც ის აღნიშნავს, ეს ქართული რეპუტაციის დასასრულია.
„გაბრაზებულზე არ მინდა, ვინმეს კრიტიკა დავიწყო. მე მინდა, გავიგო ერთი რაღაცა, რატომ გამოიწვიეს ეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე არავინ არ მეტყვის და არც მაქვს ამის ილუზია, მაგრამ მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან. ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე. ეს არის ტყუილი. ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან, რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე”, – თქვა პოლოლიკაშვილმა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების” მთავრობამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
მთავრობა წერს, რომ „სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა”.
პოლოლიკაშვილმა ამავე დღესვე თქვა, რომ კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ” მასთან შეუთანხმებლად გაიწვია
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – მიწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ფორმულას“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით თქვა, რომ კანდიდატურის მესამედ წარდგენა უპრეცედენტოა და ამას კონკრეტული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ელჩების დაბარება მოჰყვა. კობახიძეს სხვა მიზეზები არ დაუსახელებია.
„ითვლება, რომ არაა მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება წარდგენა და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა, შევიდე“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.