ჩემს განცხადებაზე ივანიშვილისგან რეკომენდაცია არ მიმიღია - ხუნდაძე

პუბლიკა

„ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იყო თუ არა შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან მისი განცხადება, რომელიც მან 10 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა. ხუნდაძემ მაშინ თქვა, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაშია ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

მისი თქმით, მას არ სჭირდებოდა ვინმეს დაკვეთა, იმისთვის რომ „უსამართლობაზე ხმა ამოეღო“. მისი თქმით, ეს უსამართლობა მთელ საზოგადოებას შეეხო.

„ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა, ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება და რთულად დასაჯერებელია გეთანხმებით. დეპუტატმა ასეთი განცხადება გააკეთოს არ არის მარტივი და ამას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს. ის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ამას არავის შეხსენება არ სჭირდება, როცა დასაცავია ღირსება შენი საზოგადოების, ქვეყნის და მას შეურაცხყოფას აყენებენ, აქ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ითქვას სათქმელი.მე არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება მესიჯის, რა უნდა მეთქვა. რა უნდა მეთქვა, მე ვისაუბრე იმაზე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმ უსამართლობაზე, რაც დიმიტრი ხუნდაძეს კი არ შეეხო მხოლოდ ან მის ოჯახს, არამედ ეს შეეხო მთელს საზოგადოებას“, – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული „ქართული ოცნების“ წარმომდგენლებთან, მან უპასუხა, რომ არ ყოფილა შეთანხმებული. ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რეაქცია მის [ხუნდაძის] განცხადებაზე იყო დანაშაული.

„ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანის. მაგრამ ის, რომ ჩემს რეაქციაზე სახალხო დამცველი მეუბნება, რომ „რას ამბობ, გაჩუმდი, როგორ ბედავ?“ მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ დანაშაული, როდესაც სათქმელია და არ ამბობ. მე რაც ვთქვი კიდევ შემიძლია გავიმეორო და ეს ასეა, ჩემი ქვეყნის ღირსებას როცა შეეხება ვინმე, თუნდაც ეს ევროპული უსამართლობა იყოს, მიუღებელია და ამაზე რეაქცია მექნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.