„ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი“ - ექიმთა ჯგუფის წევრი

პუბლიკა

გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და სახალხო დამცველმა.

კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მაგრამ, მისი აზრით, სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა ამ დაწესებულებაში მიზანშეწონილი არ არის.

„ჩემი აზრით, ამ დაწესებულებაში სააკაშვილის მსგავსი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი,“ – განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დამძიმდეს.

„მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, რადგან ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული – საკმაოდ კარგად აღჭურვილი; სტაფი არის მოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამე არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი. ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია და საბოლოო დასკვნებზე ჩვენ, ალბათ, ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის ყოფნა არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, სააკაშვილი არ საჭიროებს მარტო ანესთეზიოლოგებს და რეანიმატოლოგებს, ის საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის მერე ორგანიზმში მეტაბოლური ცვლილებებია, რასაც სჭირდება სწორი კვება.

„ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ დავამთავრე შიმშილობაო და ჭამა დაიწყოს უცბად, მაგას სჭირდება კონტროლი და აქ მარტო ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები კი არა, მულტიპროფილური სპეციალისტებია საჭირო. წინასწარი დასკვნა ასეთია. ჩემი პირადი აზრია. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ყველა ერთად შევჯერდებით საღამოს, მანამდე დავსხდებით და საბოლოო დასკვნას გამოვიტანთ“, – განაცხადა კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლიამ.


სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

სახალხო დამცველი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე – ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი