„ჩემი აზრით, ტყუილია რასაც ამბობს“ - გომელაური ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადებაზე

პუბლიკა

„ეს არის, ჩემი აზრით, ტყუილი, დაველოდოთ პოროკურატურას“, – განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

29 აპრილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ მისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არაა.

გამომძიებლის თქმით, სხვა გარემოებებთან ერთად საეჭვო იყო ისიც, რომ გარდაცვლილის ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. სერგო შუბითიძე ეჭვობს, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

„მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, იქვე. გადაღებულია ეს, უწყვეტი კადრებით ვიღებდით – ჩვენი სამსახური, საექსპერტო სამსახური.

ეს ფაქტები გვაქვს, პროკურატურას გადავცემთ თუ გადავეცით, უკვე აღარ მახსოვს, ყველა ადგილზეა ამოღებული… მისი ტელეფონი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ, ტელეფონი, ყველაფერი, რაც მას ჰქონდა თან. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მოუტანეს და მერე დაილუქა, გახსნეს და მერე დალუქეს, ეს არის, ჩემი აზრით, ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა გომელაურმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე 2 მაისს გამოძიება დაიწყო.

რა თქვა შუბითიძემ? 

29 აპრილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ მისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არაა. სერგო შუბითიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ორი კვირის განმავლობაში იძიებდა.

სერგო შუბითიძის თქმით, პირველი გარემოება, რომელიც მისთვის ეჭვის საფუძველია, არის მატლების ძალიან დიდი რაოდენობა. „განა რამდენი ბუზი შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანაში?!… გვამი სავსე იყო მატლებით“, – განაცხადა შუბითიძემ.

გამომძიებლის თქმით, საეჭვო იყო ისიც, რომ გარდაცვლილის ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. სერგო შუბითიძე ეჭვობს, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ გამეკეთებინა დადგენილება გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, რომელიც ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით – ელგუჯა პაპუაშვილი. მან მოიტანა ტელეფონი და ასევე ლუქი. ელგუჯა პაპუაშვილმა მთხოვა, რომ დამელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან, უნდა დალუქულიყო ადგილზე“, – ჰყვება სერგო თეთრაძე.

მისი თქმით, მეორე თუ მესამე დღეს ოქმის საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნა, დაათვალიერა შემოსული და გასული შეტყობინებები, ზარები და საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ:

„17, 16, 15 ივლისს არანაირი ნომერი და მესიჯები არ იყო შემოსული. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და მსგავსი რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამიკვირდა“.

ყოფილი გამომძიებელი ასევე ამბობს, რომ, როგორც მაშინ განიხილავდნენ, ბაჩალიაშვილი ე.წ. ქოლცენტრში მუშაობდა. მისი თქმით, საეჭვოდ მოეჩვენა ბაჩალიაშვილის თანამშრომლების, კომპანია „ზეგის“ წარმომადგენლების დაკითხვის გარშემო განვითარებული მოვლენებიც.

მისი თქმით, კომპანია „ზეგის“ თანამშრომლები, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, გამომძიებელმა წინასწარ დაწერილი კითხვების შაბლონის მიხედვით დაკითხეს.