ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური, იმედი მაქვს, პოზიციები დაახლოვდება – ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოლაპარაკება საქმიან პროცესში წარიმართა, შეთანხმება ვერ მოხდა, თუმცა პროცესი გრძელდება და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საბოლოოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე ჯერ კიდევ ვერ ვისაუბრებთ. მადლობას ვუხდით კიდევ ერთხელ ელჩებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გაგრძელდება ეს პროცესი. სავარაუდოდ, ხვალაც შედგება შეხვედრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება.

ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეს ყველასთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ – უკავშირდება ეს წითელი ხაზი არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც დიდი არ არის დარჩენილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

განწყობა იყო საქმიანი, საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება სხვებს, ზოგიერთს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური. მე მგონია, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

დედლაინი, რა თქმა უნდა, არის და ეს არის ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე. გამომდინარე იქიდან, რომ კვირის ბოლომდე ყველა შემთხვევაში უნდა გაიმართოს ეს სხდომა, ბუნებრივია, არის განსაზღვრული ვადა და დიდი იმედი მაქვს, რომ მანამდე მივაღწევთ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პოზიციების დაახლოებას რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების თემაზე, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია აქვს.

„ჩვენი პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ არაერთხელ და კიდევ ერთხელ შეგვიძლია იგივე დავაფიქსიროთ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს, ბუნებრივია, ძალიან მკაფიო პოზიცია და პოზიცია არის ერთადერთი: ასეთი საქმეები უნდა გამოიძიონ იმ ორგანოებმა და შეისწავლონ იმ ორგანოებმა, რომელთა ფუნქციაც ეს არის – ეს არის პროკურატურა და სასამართლო. როდესაც საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე, აქ უნდა დაადგინონ იურისტებმა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, იყო თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შანტაჟს, ზეწოლასა და გარდაცვალებას შორის.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ. უბრალოდ აქაც დეტალებში ვერ შევალთ, გამომდინარე ელჩების თხოვნიდან“, – თქვა კობახიძემ.