„ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ არის“, „წინ გველოდება IV რაუნდი“ | მოლაპარაკების III რაუნდი დასრულდა

პუბლიკა

„თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა“, – ამის შესახებ მოლაპარაკების III რაუნდის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა გამორიცხულია.

„იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია. ეს პარლამენტი არ შედგება. ეს არის მკვდრად შობილი ორგანო“, – ამბობს ის.

ჟურნალისტებმა ნათელაშვილს ოპოზიციის წინადადების შესახებ შეკითხვები დაუსვეს, თუმცა მან, მოლაპარაკების სპეციფიკიდან გამომდინარე, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ჯერჯერობით, არ არის საუბარი რამე კომპრომისზე, დათმობაზე, რეგრესზე, წინ გველოდება IV რაუნდი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა“, – ასე შეაფასა მოლაპარაკების რაუნდი „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„გამომდინარე მოლაპარაკების პროცესის ინტერესებიდან და იმისთვის, რომ შედეგით დავასრულოთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მოთმინებით აღვიჭურვოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კონკრეტულ საკითხებზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძესაც არ უსაუბრია.

„შემიძლია, გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ იყო საკითხები, რომლებზეც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ხვალ იქნება კიდევ ერთი შეხვედრა“, – თქვა დავით ბაქრაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემაც.

„პირველი – ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ; მეორე – რომ დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე – არა.

ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი, სამწუხაროდ, არ არის. არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე უნდა ილაპარაკო და არის, აგრეთვე, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება. პროფესიონალები ხართ და გესმით რასაც ვამბობ“, – უთხრა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა“, გრიგოლ ვაშაძემ

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ოპოზიციას შიდა განხილვა ექნება. მისი თქმით, რიგ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, თუმცა – არა ძირითადზე.

„ნამდვილად პოზიტიური, საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, სადაც ხდება პოზიციების დაახლოება. მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციებს შორის.

ახლა დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრებსა და სხვა საკითხებზე. დღეს ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა საკითხზე.

მაგალითად, ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად არის შესაცვლელი საარჩევნო გარემო ქვეყანაში. არის საკითხები, რაზეც გაგრძლდება მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, ეს არის რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი. თუმცა, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მსჯელობა. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ გვქონია მოლაპარაკება“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile