ჩემი მთავარი სათქმელია აქ, გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა - ლომჯარია ვაშინგტონიდან

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში.

„აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში.

ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა. განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში, რაც, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით. შეიძლება, დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, დაგეგმილია ასევე შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED), ფრიდომ ჰაუსისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.