ჩემი ოჯახის ფონდი კონსერვატორიის წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს, მოგვთხოვეს, დაფინანსება შევწყვიტოთ - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო კონსერვატორიამ მისი ოჯახის ფონდიდან სტუდენტების სასტიპენდიო დაფინანსებაზე უარი თქვა.

როგორც ხაზარაძე პოსტში აღწერს, უკვე ერთი წელია მისი ოჯახის ფონდი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიებს აფინანსებს. გუშინ კი მიიღო წერილი, რომლითაც ამ დაფინანსების შეწყვეტა მოსთხოვეს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა სახელმწიფო კონსერვატორიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც ხაზარაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს. 

რექტორის გიორგი ვაჩნაძის განმარტებით, მანანა დოიჯაშვილის სახელობის სტიპენდია არ გაუქმებულა. მას დააფინანსებს კონსერვატორია საკუთარი სახსრებით. 

„რაც შეეხება ხაზარაძის ფონდს, მათ გადავუხადეთ მადლობა წინა წელს გაწეული დახმარებისტვის და განვუმარტეთ, რომ მანანა დოიჯაშვილის კონსერვატორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურების გათვალისწინებით, კონსერვატორია მისი სახელობის სტიპენდიის დაფინანსებას უზრუნველყოფს საკუთარი ბიუჯეტით. ვფიქრობ, სტიპენდიის დონორის შეცვლა უფრო ტექნიკური საკითხია და ამ საკითხის განხილვა არ იმსახურებს სხვა ჭრილში გადატანას.“

ხაზარაძის პოსტში ნათქვამი იყო, რომ მანანა დოიჯაშვილთან 30-წიანი მეგობრობა აკავშირევბდა და მისი გარდაცვალების შემდგომ გაუჩნდა სურვილი დაეწესებინა მისი სახელობის ორი სტიპენდია კონსერვატორიის წარმატებული სტუდენტებისთვის.

„მივმართე კონსერვატორიის მაშინდელ ხელმძღვანელობას და ჩემს შეთავაზებაზე თანხმობა მივიღე, რის შემდეგაც, უკვე ერთი წელია ჩემი ოჯახის ფონდი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიებს აფინანსებს.

დღეს კი მოულოდნელად მივიღეთ წერილი, რომლითაც ამ დაფინანსების შეწყვეტა მოგვთხოვეს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავუდასტურო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და სინანულით ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კონსერვატორიას ღირსებას არ მატებს და ქალბატონი მანანას ხსოვნას შეურაცხყოფს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გვერდით მიგულეთ“,- წერს ხაზარაძე.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციას მიმდინარე წლის 12 მარტიდან გიორგი ვაჩნაძე იკავებს.

წინა რექტორს, ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება 21 ოქტომბერს ამოეწურა და ამის შემდეგ დაინიშნა კონკურსი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დასაკავებლად. სადაც აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი გოგი შავერზაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში კონსერვატორიაში უნდა ჩატარებულიყო რექტორის არჩევნები, თუმცა, მოულოდნელად, 26 სექტემბერს კონსერვატორიამ არჩევნების პროცესის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, მიზეზად კი თეა წულუკიანის ბრძანება დაასახელა.