„ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
„აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს“.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, სადაც ნათქვამია, რომ გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი „უხეში ფაბრიკაციაა“ და გამოქვეყნებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.
თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.