მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა, რევანში – მდინარაძე გავრცელებულ ჩანაწერზე

პუბლიკა

„ის ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, – რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას. და რას აკეთებს ,,ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, – რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა. სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, ,,კაგებეშნიკური” მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა“,- წერს მდინარაძე.

როგორც მდინარაძე წერს, ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ აპირებენ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. „მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას“,- წერს მდინარაძე.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.