მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს. სანამ სამინისტროს ბოსები თბილ კაბინეტებში ათასი ლარით იზრდიან ხელფასებს და ძირითადად, სტატისტიკის გაყალბებით არიან დაკავებული, სოციალური მუშაკები დადიან ქუჩა-ქუჩა ყინვაშიც და სიცხეშიც, უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ ლარს მიუგდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს დიდი უსამართლობაა. სოციალური მუშაკები თვითონ გახდნენ ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი და სხვები როგორღა უნდა დაიცვან“, – წერს სააკაშვილი.
„სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი მთელი ქვეყნის მასშტაბით იფიცება“, – ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.
დასაქმებულთა წარმომადგენლებმა დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოში გაფიცვის შესახებ ოფიციალური შეტყობინება შეიტანეს. კანონმდებლობის მიხედვით, ოფიციალური წერილის ჩაბარების შემდეგ, 3 დღეში დასაქმებულები დაკისრებულ მოვალეობას აღარ შეასრულებენ.