„ჩემი სურვილია, ეს თემა მორიგებით დამთავრდეს“ – ლორთქიფანიძე წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და პირველად უპასუხა ბრალდებებს, რომლებსაც უკვე თვეებია, კულტურის სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი წულუკიანი ეროვნულ მუზეუმის მისამართით გამოთქვამს.

„გამოშიგნული მუზეუმი“, „დაკარგული ექსპონატები“ „ მძიმე დარღვევები“ – ის ბრალდებებია, რომელთაც დავით ლორთქიფანიძე აქამდე არ გამოხმაურებია და დღეს მუზეუმის შენობაში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

შესავალ სიტყვაში ლორთქიფანიძემ ეროვნული მუზეუმის ისტორია მიმოიხილა და აღნიშნა, რომ დღეს მუზეუმი ერთ-ერთ მძლავრ საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებას წარმოადგენს მთელ რეგიონში და კავკასიაში პირველი სამეცნიერო დაწესებულებაა.

მუზეუმების კოლექციები – „2005 წლიდან დღემდე არცერთი ნივთი არ დაკარგულა“

„ბუნებრივია, ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩვენი კოლექციები იყოს უკეთესად შენახული და უფრო თანამედროვე მეთოდოლოგიით აღრიცხული, მაგრამ ეს არის პროცესი და მე მივესალმები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეუწყოს კოლექციების უფრო დეტალურად აღრიცხვას, თუმცა აქვე მინდა, ხაზი გაუსვა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და ეს არაა უბრალოდ ინვენტარიზაცია.“ – დავით ლორთქიფანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2005 წლიდან დღემდე ეროვნული მუზეუმიდან არცერთი ნივთი არ დაკარგულა.

„საუბარია კოლექციებზე, რომლებიც სხვადასხვა საელჩოში გავიდა 90-იან წლებში. სამწუხაროდ, კოლექციების რაღაც ნაწილი არ იყო დოკუმენტირებული სათანადოდ და დაიკარგა, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ ის და მოვითხოვეთ. 2005 წლიდან ყველა ნიმუში, რომელიც მუზეუმიდან გავიდა, სრულადაა დოკუმენტირებული.

ეს 1950 წლიდან დაწყებული პროცესია. აქტიური იყო 90-იანი წლები, როცა საქართველოს საელჩოებს იმ დროს ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები გადაეცა. ბევრს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, როცა გალერეა შემოვიდა მუზეუმის მართვაში და ეს იყო 2007 -2008 წლებში, ჩვენ გავგზავნეთ წერილები და დავიწყეთ დაბრუნება.“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

აუდიტის სამსახურის დასკვნა 

პრესკონფერენციაზე დავით ლორთქიფანიძე ასევე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც კულტურის სამინისტრომ კრიტიკულად შეაფასა და უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აუდიტი საუბრობს მუზეუმების სისტემაში არსებულ „სერიოზულ დარღვევებზე“.

„არცერთი ფაქტი, რომელიც აუდიტმა შეისწავლა, არ არის, ასე ვთქვათ, სერიოზული დარღვევა, რომელიც შეიძლება შეფასდა, როგორც ფუნდამენტური. ეს არის ის რეკომენდაციები, რომლებიც ყველა ორგანიზაციაში მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ და თუ არის უზუსტობები და გადაცდომები, ეს არის ტექნიკური და ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუ მივიღებთ მხარდაჭერას.“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

13 გამარჯვებული პროექტი – „ჩვენ ამ პროექტებზე უარი არ უნდა ვთქვათ“

დავით ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა „რუსთაველის ფონდის“ მიერ დაფინანსებული 13 სამეცნიერო პროექტის შეჩერების გადაწყვეტილებაზე.

მისი თქმით, რუსთაველის ფონდში პროექტების გაგზავნის გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭომ 2021 წლის მარტში მიიღო. მაისში კი, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება აიტვირთა სისტემაში.

მან ასევე გამორიცხა ამ მხრივ რაიმე შესაძლო დარღვევის არსებობა და აღნიშნა, რომ „რუსთაველის ფონდიდან“ მიღებული დაფინანსება მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ „რუსთაველის სამეცნიერო ფონდი“ მნიშვნელოვანი დაწესებულებაა და ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე მის დაფუძნებაში. ყველა გამარჯვებულმა ჯერ საქართველოში გაიარა ფილტრი, შემდეგ – უცხოეთში. „რუსთაველის ფონდი“ გამჭვირვალე პროცესის მქონე ორგანიზაციაა. ყველა ის პროექტი, რომელიც გავიდა ეროვნული მუზეუმიდან, განხილული იყო წინა წლის მარტში სამეცნიერო საბჭოზე და შემდგომში მაისშია ატვირთული სისტემაში. ჩვენ ამ პროექტებზე უარი არ უნდა ვთქვათ და ფონდიდან ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დიდ წარმატებად მიმაჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ყველაზე მეტი მუზეუმის პროექტი დაფინანსდა.“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

შეკითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა დირექტორატს, როდესაც პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს და აცნობეს „რუსთაველის ფონდს“, უპასუხა:

„ძალიან ადვილია ახალი დაპირისპირების მოძებნა, ზოგადად. ჩემი სურვილია, ეს თემა მორიგებით დამთავრდეს და ისე, რომ არ დაიჩაგრონ მეცნიერები, რომლებიც პირუთვნელად ასრულებენ თავიანთ საქმეს.“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს შეკითხვით ლორთქიფანიძეს მინისტრ წულუკიანზე და მისი გადაწყვეტილებების შეფასება სთხოვეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ხელმძღვანელობას აქვს კეთილი მიზნები და ხდება ხოლმე ტენდენციური და არაკომპეტენტური ინფორმირება და არ მინდა მკვეთრი შეფასება და იმედი მაქვს, ყველა საკითხი გადაწყდება.

ეროვნული საგანძური არ ეკუთვნის არცერთ დაწესებულებას და არცერთ სამინისტროს. მე ჩემს საქმეს ვასრულებ, ვავითარებთ და ის, რაც მე მევალება, იმას შევასრულებ ბოლომდე. ეს არის ჩემი როგორც მეცნიერის, ისე ადმინისტრატორის მოვალეობა.“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, იგეგმება თუ არა მისი გათავისუფლება, უპასუხა, რომ ის თავის საქმეს გააგრძელებს და დაემორჩილება გათავისუფლების გადაწყვეტილებას, თუკი ხელმძღვანელობა მიიღებს. ამავდროულად, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბრალდებები, რომელიც გაისმის მუზეუმის წინააღმდეგ, დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელია.

„ასე ხელამოღებით, იმ შეურაცხყოფებს, რაც ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო, არ იმსახურებს.“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.