ჩემმა ქრისტიანულმა მოვალეობამ მომცა უფლება, მრევლისთვის სახლში დარჩენისკენ მომეწოდებინა – ეპისკოპოსი საბა

პუბლიკა

ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოსი საბას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მის ეპარქიაში საეკლესიო რიტუალები მრევლის გარეშე ჩაივლის და მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ეს ვირუსი ყველაზე მეტად გადადის, როგორც ექიმები ამბობენ, ადამიანებთან ახლო კონტაქტით. ამიტომ ყველაზე დიდი რეგულაცია – გაფრთხილება ერთმანეთისათვის არის ის რომ არ მოხდეს ადამიანების ერთად შეკრება, იმიტომ, რომ არ ვიცით, ვინ არის ამ ვირუსით დაავადებული. სამწუხაროდ, არც ჩემთვის იყო ადვილი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა, სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ დღეს სწორედ ჩემმა ქრისტიანული მოვალეობამ მომცა ამის უფლება. ასევე, სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარეც – რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიციცხლეზე.

ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ, როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო, მართლაც, არ არის… სახელმწიფოსთან მიმართ ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ და მედიკოსების მიერ დაწესებული რეგულაციები არ გავითვალისწინოთ, ამიტომ მართლაც რთული იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ჩემი ღრმა რწმენიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მან.