„ჩემს შვილს გაუტეხეს ნეკნი, ცხვირი, ფეხი" - ხონში პოლიციელებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

ხონში პოლიციის შენობასთან მოქალაქეები არიან შეკრებილები. კაკაურიძეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თორნიკე კაკაურიძეს გუშინ ღამით პოლიციელებმა სცემეს.

როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ თორნიკე კაკაურიძის მამა მერაბ კაკაურიძე აცხადებს, ხონის პოლიციის უფროსის მოადგილემ და მისმა თანამშრომელმა 23:00 საათისთვის, გააჩერეს თორნიკე კაკაურიძე და სცემეს. მისი თქმით, თორნიკე კაკაურიძეს გატეხილი აქვს ნეკნი, ცხვირი და ფეხი. კაკაურიძის მამის განცხადებით, თორნიკე კაკაურიძეს უტარდება გადაუდებელი ოპერაცია.

„ზუსტად 11 საათის შემდეგ დახვდნენ ხონის ტეროტორიაზე, ქალაქიდან ცოტა მოშორებით. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ პოლიციის უფროსის მოადგილე და მისი თანამშრომელი, მთვრალები. გადაუდგნენ წინ ჩემს შვილს და გააჩერეს. ჩემს შვილთან ერთად იმყოფებოდა მეზობელი, ჩემი შვილის მეგობარი. რატომ დაარღვიეთ კომენდატის საათიო, ჰკითხა პოლიციელმა და მანქანაში სცემა. ჩემმა შვილმა უთხრა, თუ დავარღვიე დამაჯარიმეო, რატომ მირტყამო. ამას როგორ მიბედავო, თქვა პოლიციელმა და გადმოიყვანა ძირს და ისევ სცემა. გაუტეხა ნეკნი, ცხვირი. ფეხი აქვს 2 ადგილას მოტეხილი. უკეთდება გადაუდებელი ოპერაცია. აქვს ტვინის შერყევა. გთხოვთ დამეხმაროთ, მინდა ამ პოლიციელებს მოვთხოვოთ ის, რაც მათ ეკუთვნით“, – განაცხადა მერაბ კაკაურიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან იციან, რომ პოლიციელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, კაკაურიძის მამამ უპასუხა, რომ თორნიკე კაკაურიძის გაჩერებამდე პოლიციელები იმყოფებოდნენ რესტორანში, სადაც რესტორნის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ზუსტად ვიცით, რომ სანამ ჩემს შვილს სცემდნენ, რესტორანში იყვნენ და რესტორნის თანამშრომლებსაც ეჩხუბნენ. აგინეს მას“, – თქვა მერაბ კაკაურიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

კაკაურიძის ოჯახის განცხადებით, ისინი შეიკრიბენენ პოლიციასთან, რათა მოისმინონ პასუხები ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილისგან, თუ რატომ სცემეს თორნიკე კაკაურიძეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, თორნიკე კაკაურიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა“, – წერია განცხადებაში. 

უწყების განმარტებით, დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.

სამინისტროს განცხადებით,  სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.