ჩემთვის ეს არის პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა - გახარია მელიაზე

პუბლიკა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.

ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა დღეს, 18:00-ზე გადის. თუ ოპოზიციის ლიდერი არ გადაიხდის გირაოს თანხას, პროკურატურა სასამართლოს მისი დაკავების მოთხოვნით მიმართავს.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნიკა მელიას განცხადებები პოპულიზმია.

„სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით; შეიძლება, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევნის საკითხია, რა შუაშია აქ „ქართული ოცნება“ ან პროკურატურა. ამას ხომ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არის, უბრალოდ, აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია, გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური ცხოვრება.

ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


ნიკა მელიამ 11 თებერვალს განაცხადა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას. მან ასევე თქვა, რომ „არსებობს თითქოს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სანაცვლოდ თურმე გადაიხდის გირაოს“. ენმ-ის თავმჯდომარემ ხელისუფლებას მიმართა, რომ ის არ იხდის ამ თანხას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებისგან იქნება გამოყენებული გირაოს გადასახდელად, იქნება მისი არაკეთილმოსურნე და მტერი. მელიამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გირაოს თანხის შესატანად საჭიროა უნიკალური კოდირომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ის, ე.წ. ბრალდებულს ან მის ადვოკატს.