გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა აქამდე არ გამიგია, მივმართავ ხელისუფლებას - მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს და შეუძლებელია ასევე სხვამ გადაიხადოს გირაოს თანხა.

„არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა ნამდვლად არ გამიგია აქამდე.

არსებობს თითქოს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სანაცვლოდ თურმე გადაიხდის გირაოს.  კიდევ ერთხელ, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან საჯაროდ და სახალხოდ მინდა განვაცხადო ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში გირაოს გადახდას არ ვაპირებ.

ეს ერთი, მეორე კი,  ფიზიკურად შუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმა, მეც კი, რომც მინდოდეს და რატომ?  – იმისათვის, რომ მოხდეს თანხის გადახდა აუცილებელია სპეციალური, უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ის, ე.წ. ბრალდებულს ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის.

კიდევ ერთი, ანგარიში რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს ეკუთვნის „საქართველოს ბანკს“, მაგრამ ამ ანაგარიშზე ვერავინ შეიტანს თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი, რომელიც აქვს პროკურატურას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მან მიმართა თხოვნით ბანკს, რომ თუ ვინმე მის სასარგებლოდ გირაოს თანხას შეიტანს, ეს იქნება მისი უფლების და ასევე კანონის დარღვევა, ამიტომ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა.

„ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებისგან იქნება გამოყენებული, თუ ასეთი ვიაღაცა აღმოაჩინეს, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე და მტერი“, – ამბობს ნიკა მელია.

ბრიფინგზე ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეუძლებელია პროკურატურის ნების გარეშე მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს გირაოს გადასახდელი საბანკო რეკვიზიტები.

„შეუძლებელია ჩემი და ნიკას გარეშე ამის გაკეთება. პროკურატურა აძლევს ბრალდებულს ან მის ადვოკატს რეკვიზტებს, რომელიც შეუძლებელია აღმოჩნდეს  მესამე პირის ხელში. შეუძლებელია, თუ პროკურატურა არ მიაწოდებს მესამე პირს“, – ამბობს ის.