ჩერგოლეიშვილი: პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყვნენ პროტესტის მონაწილეები

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტების“ და  პარტია „სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, შეჯერდნენ, რომ ყველა პარტია ინდივიდუალურად მოამზადებს სიას, თუ ვინ უნდა დასანქცირდეს. ამ სიას კი სალომე ზურაბიშვილი კვირის ბოლოს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე წაიღებს და მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებზე წარადგენს.

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრების გაგრძელების საკითხიც.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ახლა ჩვენ მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც ხელისუფლების ძალადობრივი ვერტიკალი როგორი მეთოდებითაც ებრძვის ძალიან კარგად იცით – პირში ჩაფურთხებით, გაუპატიურების მუქარით, სახლებში შევარდნით, პოგრომით, გაძარცვით.

შეგროვდება პრეზიდენტთან ყველა ის მონაცემი, რასაც ჩვენ ფედერალისტები ვაგროვებთ და პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენში მიდის, წავა გზავნილით, რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მასთან თავი მოიყარა იმ ხალხის სიამ, ვინც უნდა დასანქცირდეს და ჩვენ ჩვენი პროტესტის მონაწილეები უნდა დავიცვათ.

იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის. ვთვლი, რომ პროცესი უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი და მოიცავდეს ყველა იმას, ვისაც ამომრჩეველი ჰყავს, მიუხედავად იმისა, მაღიზიანებს თუ არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამომრჩეველზე, ვინ დგას მის უკან. მე მაგალითად, ვისურვებდი გირჩიც იყოს იქ, 63 000 ამომრჩეველი ჰყავთ და მათზე უნდა ვიფიქროთ, როცა ჩვენთვის უსიამოვნო სახეებს ვხედავთ პოლიტიკური ლიდერების. ეს იყო სასაუბრო თემა და როგორ გაგრძელდება, მე არ ვიცი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

„სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ძალისხმევის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო სწორედ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაზე და ახლა შევთანხმდით იმაზე, რომ ამ საკითხზე იქნება გაცილებით უფრო მჭიდრო კოორდინაცია.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავება, გაფართოება, მათ შორის ივანიშვილის ოჯახის წევრებზე ე.წ. ბიზნესებზე და სინამდვილეში მის კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს ეს რეპრესიული რუსული რეჟიმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

იქნება ერთიანი სია, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გარდა იქნებიან, ე.წ. ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და მოძალადეები, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობენ და ცრუ მოწმეები, ე.წ ფსევდო მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მნიშვნელოვანია „გავცეთ პასუხი შეკითხვას – როგორ მივდივართ არჩევნებამდე და როგორი უნდა იყოს ის“.

„მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი შეკითხვას – როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები და ა.შ. აქ აუცილებლად გვჭირდება პასუხები მოსახლეობასაც. გამხნევებაც გვჭირდება, მაგრამ ასევე, გზის დანახვაც. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით და იყო ასევე, პრეზიდენტიც. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმის.

ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე. სხვებიც არიან და იმედი მაქვს, რომ ჩამოვლენ. კოალიციიდან მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს, ხალხს ვიხილავ. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდნენ, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ისე, ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ“, – აღნიშნა გვარამიამ.