ჩერნობილის ელექტრომომარაგების სისტემა ისევ დაზიანდა - უკრაინული მხარე

პუბლიკა

რუსულმა ძალებმა კვლავ დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ამარაგებდა, ამის შესახებ BBC წერს უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

13 მარტს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

ელექტროენერგიის ქსელი, რომელიც ატომური სადგურის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფდა, რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაზიანდა და უკრაინის ხელისუფლება შიშობდა, რომ სადგურიდან რადიაცია გაჟონავდა.

ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ კი, როგორც უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტრო იტყობინება, გაგრილების სისტემა ნორმალურად ამუშავდა.

რაც შეეხება სადგურში მომუშავე პერსონალს, რომელთაც ოკუპაციის პირობებში უწევთ მუშაობა, BBC წერს, რომ არსებული ცნობებით, ისინი მშვიდ გარემოში აგრძელებენ მუშაობას. მაგრამ გარემო პირობები რთულია, რადგან შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე.