ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ - მაღაროელები

პუბლიკა

ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.

გაფიცული მაღაროელები 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე (თვეში 15 დღით მუშაობას და მომდევნო 15 დღით დასვენებას) გადასვლას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე სხვა მაღაროელებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოუცხადონ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს.

„გაფიცვის პერიოდში დარკვეთის მაღაროს ჰქონდა მოთხოვნა, გადასულიყო 12-საათიან ე.წ. ვახტურ რეჟიმზე. 5 თვის გასვლის შემდეგ არ შეცვლიათ სამუშაო პირობები. კომპანიას ჰქონდა პირობა დადებული, რომ დარკვეთის მაღაროს გაუუმჯობესებდნენ პირობებს, თუმცა ამდენი თვის შემდეგაც იგივე პრობლემებია.

გვქონდა შეხვედრა სამშაბათს და საერთო შეთანხმებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ დარკვეთის მაღარო გადავიდოდა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენელმა დადო პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დატოვებდა.მ მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა – გვითხრეს, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს.

დღეს უნდა გაგვეგო პასუხი ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდიან ხელფასს, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება იზრდებოდეს სამუშაო დრო და არ იზრდებოდეს ანაზღაურება.

ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაიფიცნონ და პროტესტის ნიშნად არ იმუშაონ“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებები მაღაროელების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით უკვე მე-5 თვეა მიმდინარეობს.

„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის 7 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გაიფიცნენ. საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში მიმდინარეობდა.

მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მონაწილე ერთ-ერთ მაღაროელს თვალები ჰქონდა ამოკერილი, ერთს – პირი.

მედიაციის შედეგად, საბოლოოდ, ისინი ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაღაროელებს, საერთო ჯამში, 14 მოთხოვნა ჰქონდათ.

გთავაზობთ ჭიათურის მაღაროელთა მოთხოვნების სრულ ჩამონათვალს:

ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი);
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.
კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.