ჭიათურაში უკვე ამუშავდა გაფიცვის გამო შეჩერებული ყველა ობიექტი - დოლაბერიძე

პუბლიკა

პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ 25 აპრილის საღამოდან ჭიათურაში გაფიცვის გამო შეჩერებულმა ობიექტებმა სრული შემადგენლობით განაახლეს მუშაობა.

„გუშინ საღამოდან ამუშავდა ჭიათურის ყველა ობიექტი. ყველა დასთანხმდა და შევიდნენ. ჯერჯერობით, შეთანხმება მხოლოდ შპს „ტექნიკა სერვისთან“ აქვთ გაფორმებული, ანუ მძღოლებთან, მაგრამ დანარჩენ ყველასთან ვგეგმავთ, რომ ხვალ მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, რაღაც პუნქტები ზუსტდება კიდევ და ხვალ იქნება ოფიციალური ინფორმაცია. შეთანხმება ძალაში 1 მაისიდან შევა“, – აცხადებს დოლაბერიძე.

მისი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ყველა თანამშრომელს ანაზღაურებას 250 ლარით გაუზრდის. როგორც დოლაბერიძე აცხადებს, დანარჩენ საკითხებზე მუშაობა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

„250 ლარი გადაწყვეტილი ამბავია ყველა თანამშრომელზე, დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით  – ინდექსაცია და სხვა საკითხები, რომელიც ურთიერთობებს აწესრიგებს, პასუხისმგებლობები იწერება და ა.შ. ვვარაუდობთ, რომ დღეს დავასრულებთ ამაზე მუშაობას და ხვალ ხელი მოეწერება“, – აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი.


დაახლოებით, 3000-მდე მაღაროელი 23 აპრილს გაიფიცა. ისინი ხელფასის 50%-ით მატებას მოითხოვდნენ.