ჭიათურელი მაღაროელები მსვლელობით „ჯორჯიან მანგანეზის“ თბილისის სათავო ოფისთან მივიდნენ.
მათი თქმით, ოფისში მყოფ ხელმძღვანელებს უფრო ახლოდან გააგონებენ სამართლიან ხმას.
ჭიათურელმა მაღაროელებმა ღამე პარლამენტის წინ და ქაშვეთთან კარვებში გაატარეს. 40 მაღაროელი ჭიათურიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა.
მსვლელობის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია 18:00 საათზე პარლამენტთან დაიწყება.
„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-15 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-9 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.
პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.
„ჯორჯიან მანგანეზი” კი მაღაროელებს ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, „მანგანეზის” ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და მისი თქმით, ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.