„მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“ - „მანგანეზი“ ხელფასის ზრდაზე მოთხოვნას ალოგიკურს უწოდებს

პუბლიკა

„ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

„ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებულ იქნა 5%-ის ოდენობით, რაც მათთან გაფორმებული შრომითი კოლექტიური ხელშეკრულებით ვალდებულებას ითვალისწინებდა. ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია, კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. მზაობას ვაცხადებთ, რომ ხელფასების მატება მიბმული იქნეს გარკვეულ ფინანსურ შედეგებზე. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ 15% უბრალოდ რიცხვია, მაგრამ ეს ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი.

ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური.

სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ – განაცხადა თუთბერიძემ.

ლაშა თუთბერიძის თქმითვე, დასაქმებულებს შესთავაზეს 12 საათის ნაცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეში 12 საათის განმავლობაში მუშაობის შემთხვევაში „შრომის ნაყოფიერება დაბალია, მით უფრო, როცა ეს ადამიანები მიწის ქვეშ მუშაობენ და საკმაოდ მძიმე ვითარებაში არიან”.

ჭიათურელი მაღაროელებისთვის კი „ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, კომპანია გაფიცულებს ხელფასის მხოლოდ 5%-ით მატებას სთავაზობს, მიუღებელია. ამბობენ, რომ იქამდე გააგრძელებენ პროტესტს, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ხელფასის 40%-იან ზრდას ვითხოვდით თავიდან, მაგრამ გუშინ ისევ ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯი. გავანახევრეთ, ფაქტობრივად, მოთხოვნა და წავედით დათმობაზე, იმისთვის რომ უფრო ჩიხში არ შესულიყო პროცესები და ამაზეც უარს ვიღებთ. მოვითხოვთ 20%-იან მატებას და მაგათ, ალბათ, ის უნდათ, რომ საბოლოოდ 5%-იან ზრდაზე ვიყოთ თანახმა, მაგრამ არ გამოვა. დაცინვაა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველაფერი დაკმაყოფილებული არ იქნება“, – ამბობს მაღაროელი დავით ჩინჩალაძე.


ჭიათურიდან თბილისში გაფიცული მაღაროელები ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-8 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

გუშინ, პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.