„ჭიათურის გადარჩენა თქვენშია ჩემო სტუდენტებო" - მაღაროელები სტუდენტებს მხარდაჭერას სთხოვენ

პუბლიკა

ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა.

მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება.

„ჩვენ ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას. ეს შიმშილობა იქნება უვადო, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული. ჩვენ საკმარისად ჰუმანურები ვიყავით ამ ორი თვის განმავლობაში. ახლა ნახავთ ჩვენი მთავრობა და კომპანია რა შეუძლია ჭიათურელ სამთოელს. ჩვენ არ დავნებდებით, აქ ვიდგებით სიცოცხლის ბოლო წუთამდე. თუ ჭიათურაში იხოცებიან ჩვენი თანამებრძოლები, მაშინ ჩვენც დავიხოცებით აქ”, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ამ ქვეყნის გადარჩენა ჩვენს ახალგაზრდებშია, ვინც თავისუფლად გაიძახის დემოკრატიას, ვისაც არ ეშინია არანაირი ბარიერის, არანაირი პოლიტიკური შეხედულების. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტუდენტების იმედი, მათი მხარდაჭერის იმედი. ამიტომ ხვალ, სულ სხვა ეტაპზე გადავდივართ. კომპანიასაც ვესაუბრეთ, მთავრობასაც ვესაუბრეთ რომ რამე ღონე იხმარეთ, ბერკეტები აამოქმედეთ;ამიტომ ჭიათურის გადარჩენა თქვენშია ჩემო სტუდენტებო.

ხვალ მივალთ სტუდენტებთან, მივალთ მეგობრული თხოვნით, რომ გვჭირდება დღეს დახმარება; რომ ეს ხალხი იქნება შეუდრეკელი ამ უსამართლობის წინაშე. მჯერა, რომ სამართლიან საქართველოს ააშენებთ“.


„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-15 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-9 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.

„ჯორჯიან მანგანეზი” კი მაღაროელებს ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, „მანგანეზის” ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და მისი თქმით, ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.