ჭიათურის მერიასთან დაზარალებულმა ითხვისელებმა სათანადო კომპენსაციის მოთხოვნით აქცია გამართეს

პუბლიკა

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან დაზარალებულმა ითხვისელებმა სათანადო განსახლების და კომპენსაციის მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც  „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ამბობენ, მოგვიანებით, დაზარალებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე შეხვდა. თუმცა შეხვედრაზე არ დაუშვეს მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ერთხმად ითხოვდა როგორც შეხვედრის საჯაროოებას, ისე მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასწრებას.

„მცირეხნიანმა შეხვედრამ მოსახლეობის არსებით შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, მერმა ადგილობრივებს კომისიასთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება აღუთქვა და მოსახლეობა ამ ეტაპზე, კვლავ ამ შეხვედრის მოლოდინშია, “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსახლეობამ შესაბამის უწყებებთან შეხვედრა ჯერ კიდევ 4 ნოემბრის წერილით მოითხოვა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებები კვლავ უგულებელყოფენ მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობას და ცდილობენ მათი მოწყვლადობის გამოყენებით და საჯაროობის გამორიცხვით, არაადეკვატურ კომპენსაციაზე დაითანხმონ სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ დაზარალებული ოჯახები და მათი სამართლიანი პროტესტი ამ გზით დაასრულონ.

დღევანდელი აქციის შესახებ ავრცელებს ფოტოებს და ვიდეომასალას საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“. ისინი მხარს უჭერენ დაზარალებული ითხვისელების პროტესტს.

მათი ცნობით, ითხვისელები მითხოვენ:

  • მოსახლეობას ნათლად და გასაგებად უნდა განემარტოს კომისიის მუშაობის შედეგები, მათ შორის, როგორ მივიდნენ კომისიის წევრები იმ დასკვნამდე, რაც შეფასებაშია მოცემული და მოგვეცეს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა;

  • გადაიდგას ნაბიჯები სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

  • შემუშავდეს გეგმა, მოპოვებით დაზარალებული მოსახლეობის სათანადო კომენსირების და გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად.