პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ უარს აცხადებს ციხის საკვებსა და სასმელზე. ის დღეს გამოქვეყნებულ პოსტში მიუთითებს, რომ მიიღებს ოჯახის წევრების შეგზავნილ საკვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სრულ შიმშილობაზე.
„მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ 13 მარტს მომწამლეს, გარდა იმისა, რომ ეტლს ვარ მიჯაჭვული არ მაქვს მხედველობა ცალ თვალში, ამას ემატება თეთრი ლაქები ფეხებზე და ჩემთვის უჩვეულო კანის მტვრევა.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან უარს ვაცხადებ ამ დაწესებულების საკვებზე და სასმელზე, მხოლოდ მივიღებ ჩემი ოჯახის შემოგზავნილ წყალსა და საკვებს, თუ ეს შეუძლებელი იქნება, ვიქნები სრულ შიმშილობაზე“, – აცხადებს ის.
ის პოსტში, ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს, დააწესოს მუდმივი მონიტორინგი მის საკანზე. ჩიკვაიძე ასევე საუბრობს მის ხელთ არსებულ სავარაუდო დოკუმენტაციაზე, სადაც მისი თქმით, დასტურდება, „როგორ ცდილობს ფსბ და რუსული ოცნება, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმობირებას“.
„ისინი იყენებდნენ ე.წ. „თაღლითურ ქოლცენტრებს“ და ფინანსურ რესურსებს. ეს პიროვნებები გახლავთ, სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნები”, – აცხადებს ჩიკვაიძე და აღნიშნავს, რომ მზად არის, ამერიკული ან სხვა საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ.
„პუბლიკა“ ცდილობს, დაუკავშირდეს პენიტენციურ დაწესებულებას, ჩიკვაიძის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაჟღერებულ განცხადებასთან დაკავშირებით.