ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მე-14 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად მიიღო გადაწყვეტილება, მე-18 დაწესებულების ექიმებს აეკრძალოთ მისთვის ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევების ჩატარება და მკურნალობა.
ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დღევანდელ პროცესს არ დაასწრეს, რადგან არ უნდათ, საზოგადოებამ ნახოს, თუ რა მდგომარეობაშია და გაიგოს, რას გააჟღერებს საჯაროდ.
ბიზნესმენი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მიმართავს და სთხოვს, პირადად ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოინახულოს ის. ჩიკვაიძე მიმართავს ბრიტანეთის საელჩოსაც და სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას:
„დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს. შეთანხმებისამებრ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა, ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად. უეცრად ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა ვცდუნებულიყავით საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. მე ვითხოვდი შეთანხმებისამებრ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში. რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც, მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს. ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა, ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში.
შემდგომ ბადრაგს უთხრა, რომ უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს.
ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იმავენაირად არის ამ პროცესის მონაწილე, როგორც პროკურორი და მოსამართლე, მიზანიც ცხადი იყო, რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ.
პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18 დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში.
კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.
ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას სანამ შემიძლია კომუნიკაცია.
ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ, ამ მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ან თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი. თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი, რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. წინასწარ გიხდით მადლობას!“, – წერს ჩიკვაიძე.
დღეს გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 17 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა. ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას მოითხოვდა. ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.