ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება - სიმონიშვილი

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული.

„სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი არის საკვანძო პოზიცია, რომელსაც არ თმობს „კლანი“ და მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, – განაცხადა სიმონიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგების წარდგენისას.

გუშინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.

LB loan image desktop LB loan image mobile