ჩინეთი ემხრობა რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ შეწყვიტოს გაფართოება

პუბლიკა

პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანიკურ ალიანსს, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.

„მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს კიდევ უფრო გაფართოებას, მოუწოდებენ ჩრდილოატლანიკურ ალიანსს, შეწყვიტოს ცივი ომის იდეოლოგიით მიდგომა, პატივი სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.

პატივი სცეს ცივილიზაციის მრავალფეროვნებას, კულტურულ-ისტორიულ პატერნებს და მოეპყროს სხვა ქვეყნების მშვიდობიან განვითარებას ობიექტურად და სამართლიანად“, – ნათქვამია სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ჩინური მხარე აცხადებს, რომ მათ ესმით და მხარს უჭერენ რუსეთის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს ევროპაში გრძელვადიანი, დოკუმენტირებული უსაფრთხოების გარანტიების შექმნას.

ერთობლივ განცხადებაში რუსეთი და ჩინეთი ასევე გმობენ აშშ-ის მოქმედებებს წყნარი და ინდოეთის ოკეანეების სივრცეში. რისი დაფიქსირებაც დოკუმენტში რუსეთისგან განსხვავებით, უკვე ჩინეთის უშუალო ინტერესებში შედის.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიხილოთ რეალური მულტილატერალიზმი“, – უთხრა სი ძინპინმა პუტინს.